English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ზურაბ გარაყანიძე გიორგი ხვიჩია
რფ-ს მეღვინეობის ახალი კანონმდებლობის შესაძლო გავლენა ქართული ღვინის ექსპორტზე

2019 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა კანონი „რუსეთის ფედერაციაში მეღვინეობისა და ღვინის წარმოების შესახებ“ (Федеральный закон от 27.12.2019 № 468-ФЗ "О виноградарстве и виноделии в Российской Федерации")[i]. მანამდე, 2019 წლის 30 სექტემბერს დამტკიცდა ცვლილებები ფისკალურ კანონმდებლობაში (Федеральный закон от 29 сентября 2019 г. N 326-ФЗ "О внесении изменений в часть вторую Налогового кодекса Российской Федерации и статью 1 Федерального закона "О внесении изменений в часть вторую Налогового кодекса Российской Федерации")[ii], რაც ,სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტზე.

რფ-ში 2020 წლის 1 იანვრიდან ღვინის აქციზის განაკვეთი გაიზარდა. ამასთან, გარკვეული სახის ღვინოებზე სუბსიდირება მოხდება ისე, რომ რუსეთის შიგნით წარმოებული და იმპორტირებული ღვინოები დეკლარირებულად /ნომინალურად ერთნაირი განაკვეთით, მაგრამ რეალურად სხვადასხვა აქციზით, დაიბეგრებიან. მომდევნო 3 წელში, ე. ი. 2023 წლის 1 ივლისიდან,  იკრძალება ღვინომასალების იმპორტი რუსეთში. ამ დრომდე იმპორტირებული ღვინომასალებით დამზადებული ღვინო და 2020 წლის 1 ივლისიდან რუსეთში მოყვანილი ყურძნით წარმოებული ღვინო გაიყიდება როგორც „რუსეთის ღვინო“. ის ისარგებლებს კანონით მინიჭებული სახელმწიფოს პროტექციონისტული (სუბსიდირების, სატარიფო და არასატარიფო) შეღავათებით.

საქართველოდან ღვინომასალა (ჩამოსასხმელი) რუსეთში 2018 წლიდან არ შედის. ქართული ღვინო რუსეთში მხოლოდ დაფასოებული იყიდება, და ერთი შეხედვით, რფ-ს კანონი ჩვენს ექსპორტიორებს პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს. მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რფ-ს „ღვინის“ ახალი კანონი მეღვინეობას არსებით სახელმწიფო მხარდაჭერას აღმოუჩენს, რაც რფ-ს ვენახების ფართობებს გააორმაგებს და რუსულ ბაზრებს ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციით უზრუნველყოფს, ამან კი რფ-ში იმპორტი უნდა შეზღუდოს. კანონით მეღვინეობა და ღვინის წარმოება რუსეთის სოფლის მეურნეობის საბაზისო, თანაც საექსპორტო დარგი უნდა გახდეს. შესაბამისად, 2023 წლიდან საქართველომ შესაძლოა დაკარგოს რუსული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბაზრისა, რომელიც დღეს ჩვენი ღვინის ძირითადი მომხმარებელია - 2019 წელს იქ გაიგზავნა 133 მლნ დოლარის 70 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო, ანუ მთელი ღვინის ექსპორტის 61.5% (იხ.ცხრილი 1).  

რფ-ში „ღვინის“ კანონის მიღებას გარკვეული ნორმატიული ბაზი სშექმნა უძღოდა წინ:

ჯერ ერთი, მის მიღებამდე 3 თვით ადრე, 2019 წლის 30 სექტემბერს, გამოქვეყნდა რფ-ს კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომლითაც 2020 წლის 1 იანვრიდან რუსეთში გაიზარდა ღვინის აქციზის განაკვეთი. ამ კანონით 2020 წელს ღვინის აქციზი 1 ლიტრზე ნაცვლად 18 რუბლისა, შეადგენს 31 რუბლს, 2021 წელს - 32 რუბლს, ხოლო 2022 წელს - 33 რუბლს. აქციზით დაიბეგრება ასევე ღვინომასალა.

 2020 წელს აქციზი 1 ტონა ყურძენზე 30 რუბლი იქნება, ხოლო მომდევნო წლებში, შესაბამისად - 31 და 32 რუბლი.[iii]აქციზის 31 რუბლიანი განაკვეთი 0.75 ლიტრიან ბოთლზე 23.25 რუბლია. ეს ის თანხაა, რასაც იმპორტიორი გადაიხდის. რუსი მეღვინეები ყურძენზე აქციზის კომპენსაციას მიიღებენ, რაც მათთვის აქციზს ფაქტიურად ძველ დონეზე დატოვებს. ამით ადგილობრივ და იმპორტულ ღვინის აქციზის განაკვეთებში განსხვავება უკვე 20 რუბლი გახდება, რაც სხვა გადასახადების დამატების შემდეგ ბოთლი ღვინის ფასს რფ-ში (მაღაზიის თარომდე) 100 რუბლამდე გაზრდის.

ცხრილი 1[iv]

 

ეს რუსეთში იმპორტირებულ უცხოურ ღვინოებს - მათ შორის ქართულსაც, სწორედ ამ თანხით გააძვირებს. კერძოდ, ეს საკანონმდებლო ცვლილება საკუთარი ყურძნით მეწარმე რუსი მეღვინეებისთვის შენიღბულ სატარიფო შეღავათებს ითვალისწინებს.

მართალია, რუსეთში, ღვინოსთან ერთად, ყურძენიც აქციზური საქონელი გახდა, მაგრამ ფაქტიურად უმნიშვნელო აქციზის გადახდის შემდეგ მეღვინეს შეუძლია მიიღოს გადახდილ აქციზზე მეტი კომპენსაცია. ეს მექანიზმი გეოგრაფიულ აღნიშვნასა და ადგილწარმოშობის დასახელებაზე (ევროპული „აპელასიონების“ სისტემის ანალოგი) აქციზის შეღავათის კომპენსაციისათვის გამოიყენება. ამჟამად რუსეთში დაწურულ ამ კატეგორიის ერთ ბოთლ ღვინოზე აქციზი 3.75 რუბლია, ნაცვლად სხვა კატეგორიაზე, მათ შორის იმპორტულზე დარიცხული 13.5 რუბლისა. ასეთი „ორმაგი“ აქციზი პირდაპირ ეწინააღმდეგება მსო-ს პრინციპებს. საჭიროა რუსეთში ღვინის იმპორტიორების, ძირითადად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ერთობლივი ძალისხმევა ამ დისკრიმინაციული ნორმის გასაუქმებლად. მეტიც, რუსული „ღვინის“ ახალი კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით მეწარმეს, რომელმაც რუსული ყურძნით რუსეთში ჩამოასხა შუშხუნა ღვინო, შეუძლია ამ პროდუქციის ეტიკეტზე მიუთითოს სახელწოდება „რუსული შამპანური“ ("российское шампанское")[v],  რაც ასევე მსო-ს წესების დარღვევაა და ევროკავშირის ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს.

მეორე, კანონში „რუსეთის ფედერაციაში მეღვინეობისა და ღვინის წარმოების შესახებ“ ისეთი განმარტებები და ტერმინებია, რომლებიც რუსული ბაზრიდან არა მარტო დგილობრივ და იმპორტულ კონტრაფაქტულ პროდუქციას, არამედ მაღალხარისხიან ქართულ და სხვა იმპორტულ ღვინოებსაც გამოდევნის. კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, „ღვინო“ - ესაა საკვები ალკოჰოლური პროდუქცია, მიღებული ახალი ყურძნის ან დაწურულის დუღილის შედეგად, ეთილის პირტის 7.5-18%-იანი შემცველობით; „ჩამოსასხმელი ღვინო ან შემაგრებული ჩამოსასხმელი ღვინო (ღვინომასალა)“ - ესაა საცალო ვაჭრობისთვის დაფასოებამდე არსებული ღვინო; ხოლო „რუსეთის ღვინო“ - ესაა ყველანაირი ღვინო, რომელიც მთლიანად (100%) რუსეთის ტერიტორიაზე მოყვანილი ყურძნიდანაა მიღებული.[vi]ეს უკანასკნელი განმარტება იმისთვისაა, რომ სხვა ქვეყნების ღვინოებისაგან განსხვავებით, საცალო ვაჭრობის დარბაზში ან სხვა ადგილას რუსულ ღვინოს გამოყოფილი ჰქონდეს განსაკუთრებული ადგილი წარწერით - „რუსეთის ღვინო“.[vii]კანონის 26-ე მუხლში მითითებულია, რომ თუ ყურძნის შემცველი ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტსა და კონტრეტიკეტზე მითითებული სპირტის მოცულობითი შემცველობა არ აღემატება 22%-ს, მაშინ მწარმოებელმა უნდა მიუთითოს, რომ ეს პროდუქცია ღვინო არ არის - "НЕ ЯВЛЯЕТСЯ ВИНОМ" და უნდა განლაგდეს სხვა ღვინოებისაგან ცალკე მდგომ დახლზე.[viii]მე-3 და 26-ე მუხლებს შორის შინაარსობრივ წინააღმდეგობას თავი რომ დავანებოთ, კანონში „ღვინის“ განმარტებით ქართული ღვინოების უმეტესობა რუსეთში ღვინო დარჩა ითვლება, ვინაიდან მათში სპირტის მოცულობითი შემცველობა ამდენი არ არის. [ix]ეს მეორე დიდი პრობლემაა ქართული ღვინისთვის, რომელიც, მართალია, 2019 წლის მონაცემებით რფ-ს ბაზარზე წინა წელთან შედარებით 7-8%-ით მეტი გაიყიდა, მაგრამ მას, სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალი ფასი აქვს და ახალი „მარკეტინგული დისკრიმინაცია“ კარგს არაფერს უქადის...

მესამეც, 2023 წლის 1 ივლისიდან მთლიანად აიკრძალება რფ-ს ღვინის მრეწველობაში „...რფ-ში იმპორტირებული ყურძნის, ღვინის, ჭაჭის...“ გამოყენება. [x]ამ დროიდან რუსეთში, ქართული ჩამოსასხმელი ღვინის მსგავსად, აიკრძალება ყველანაირი ჩამოსასხმელი ღვინის შეტანა. მაგრამ დღეისათვის რუსეთში, მიუხედავად მევენახეების სახელმწიფოს მხრივ უპრეცენდენტო მხარდაჭერისა, ვენახებს უკავია სულ 93 ათ ჰა, რაც არასაკმარისია არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, რფ-ში შეტანილი ღვინომასალა სა შუალოდ წლიურად 20 მლნ დეკალიტრია და რუსული ღვინის მრეწველობის ჩამოსხმული ღვინომასალის 40% ფაქტიურად არარუსული, არც ისე დაბალხარისხიანი - ესპანური, სამხრეთაფრიკული, მოლდავური „წარმოშობისაა“.[xi]აღნიშნული ჩამოსასხმელი ღვინოები 2023 წლის ზაფხულიდან რუსეთში ვეღარ მოხვდებიან, და შესაბამისად, საჭირო იქნება მათი სხვა იმპორტიორებისკენ გადამისამართება. ეს რუსეთში მდებარე იმ ღვინის ქარხნებზე აისახება ნეგატიურად, რომლებიც ჩამოსასხმელ ღვინოს იყენებენ. შესაბამისად, ამ ქარხნების ინვესტორების დღის წესრიგში დადგება 2023 წლიდან მათი რუსეთიდან გადატანა ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩამოსასხმელი ღვინომასალებით შესაძლებელი იქნება ბოთლის ღვინის ჩამოსხმა. ინვესტორებისათვის ამ ქარხნების განთავსება ყველაზე მისაღები იქნება ევრაზ ეკონომიკური კავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში - ვთქვათ სომხეთში, ბელარუსში, სადაც ღვინომასალის შეტანა აკრძალული არ არის, და თანაც, მათ რუსეთთან საბაჟო კავშირი აკავშირებთ. თუმცა ზოგიერთმა ინვესტორმა, ევროკავშირთან DCFTA-ს არსებობის და მეღვინეობის მდიდარი გამოცდილების გამო, შესაძლოა საქართველოშიც გადაწყვიტონ თავიანთი ქარხნების გადმოტანა.

ასეთი გადამისამართება კიდევ იმითაც იქნება განპირობებული, რომ ანექსირებულ ყირიმში ღვინის ქარხნების უმრავლესობას - „მასანდრას“, „ნოვისვეტს“, „ინკერმანს“, „სევასტოპოლის ღვინის ქარხანას“ უმთავრდებათ ბოთლები. საქმე ისაა, რომ ტარის მწარმოებელ  „კავმინსტეკლოს“ შეეცვალა მესაკუთრე და ახალმა ამერიკელმა აქციონერებმა აშშ-ს სანქციების გამო შეწყვიტეს ყირიმის ქარხნებში ტარის მიწოდება. მეორე დიდი ტარის ქარხანა „რუსჯამი“ გადატვირთულია შეკვეთებით და არ შეუძლია ბოთლების წარმოება ასორტიმენტის  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ღვინომასალის სიმძლავრეები საქართველოში საკმარისადაა და 2023 წლიდან ისინი რუსეთიდანაც დაემატება, მიზანშეწონილი იქნება ამ მასალის ქართულ და რუსეთიდან საქართველოში გადმოსული პოტენციური ინვესტორების ქარხნებში მიღება-გადამუშავება და იაფი მზა ღვინის რუსეთში, როგორც ქართულის, ისე შეტანა.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კანონით „რუსეთის ფედერაციაში მეღვინეობისა და ღვინის წარმოების შესახებ“ ღვინის იმპორტიორებს, მათ შორის ქართულ კომპანიებს, ემუქრებათ სატარიფო და არასატარიფო დისკრიმინაცია, რაც ეწინააღმდეგება მსო-ს (WTO) წესებს. კანონის მოთხოვნები შესაძლებელია გასაჩივრდეს მსო-ს დავების განხილვის საბჭოში. აღნიშნული დისკრიმინაცია გამოიწვევს იმპორტული ღვინოების რუსული ბაზრიდან გამოდევნას არაჯანსაღი კონკურენციით, არამედ პროტექციონიზმით.

მიზეზი ისაა, რომ სატარიფო თვალსაზრისით, 2019 წლის 30 სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით ლოჯისტიკურ ჯაჭვში მულტიპლიკატორის ეფექტის გათვალისწინებით, აქციზის „რუსეთის ღვინოსა“ და იმპორტულ  განაკვეთებს შორის 10 რუბლის სხვაობა საცალო   ფასში უკვე 40-50 რუბლის სხვაობის ტოლი ხდება, რაც რუსეთის მაღაზიების უმეტესობაში მასიურად მოთხოვნადი 300-400 რუბლიანი ღვინოების რეალიზაციის შეფერხებას გამოიწვევს. ესაა ბაზრის ის ყველაზე კონკურენტული და მასიური სეგმენტი, რისთვისაც ყოველთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ახალ რუსულ სატარიფო ბარიერს აძლიერებს ის, რომ რფ-ს ახალი საგადასახადო და საბიუჯეტო კანონმდებლობით გეოგრაფიულ  აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების მქონე რუსულ ღვინოებს იმპორტულთან შედარებით დაბალი,  სუბსიდირებული აქციზი აქვთ. ასეთი „ორმაგი“ აქციზი ეწინააღმდეგება მსო-ს პრინციპებს. საჭიროა რუსეთში  ღვინის იმპორტიორების, მათ შორის ევროკავშირის წევრების ერთობლივი ძალისხმევა ამ დისკრიმინაციული ნორმის გასაუქმებლად. 

არასატარიფო თვალსაზრისით, რფ-ს „ღვინის“ ახალ კანონში ცნების „რუსეთის ღვინო“ შემოღება და ამით მისთვის ქვეყნის საცალო ვაჭრობის ქსელში სავაჭრო პრეფერენციების მინიჭება, აგრეთვე სპირტის მოცულობითი შემცველობის ზღვარის დაწესება და ამ ზღვარზე დაბალი  სპირტიანობის სასმელის ღვინოდ არცნობა, ეწინააღმდეგება მსო-ს  პრინციპებს.

კანონით „რუსეთის ფედერაციაში მეღვინეობისა და ღვინის წარმოების შესახებ“ მე-3 და 26-ე მუხლებით ყურძნის სასმელი, ეთილის სპირტის მოცულობითი შემცველობით 14.5%-დან 20%-ის  ფარგლებში, არ არის ღვინო, არამედ ესაა არომატიზებული სასმელი. საქართველოს კანონით „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კი ღვინოდ მიჩნეულია  ეთილის სპირტის მოცულობითი შემცველობით მინიმუმ 9%-ის მქონე ყურძნის სასმელი. თანაც ქართული ღვინის ფაქტიური სპირტის შემცველობა მაქსიმუმ 14%-15%-ის ფარგლებშია. ზემოაღნიშნული ქართველ იმპორტიორებს რუსულ ბაზარზე შეღწევას გაურთულებს.

ამრიგად, იმისთვის, რომ 2020 წლიდან მოქმედ მარფ-ს ახალმა კანონებმა ქართული ღვინის ექსპორტის შეფერხება არ გამოიწვიოს, საჭიროდ მიგვაჩნია:

- საქართველოს მთავრობამ მიმართოს ევროკომისიას რუსეთის მიერ 2019 წლის ბოლოს მიღებული „რუსეთის ფედერაციაში  მეღვინეობისა  დაღვინის წარმოების შესახებ“ კანონის დისკრიმინაციულად ცნობის შესახებ. სავარაუდოდ, მიმართვას ევროპის  ღვინის მწარმოებელი/ექსპორტიორი ქვეყნების უდავო მხარდაჭერა მოჰყვება;

- საქართველოს საგარეო, ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა მოამზადონ და საქართველოს  მთავრობას წარუდგინონ  დადგენილების პროექტი „ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად მიმართოს მსო-ს (WTO) დავების განხილვის საბჭოს რფ-ს მიერ 2019 წლის 30 სექტემბრის ფისკალური სფეროს საკანონმდებლო ცვლილებების, ამ ორგანიზაციის პრინციპებთან (სატარიფო/არასატარიფო) შეუსაბამობის შესახებ;

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის   სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაამყაროს კონტაქტები რფ-ში ღვინომასალების მიმწოდებელ ევროპულ კომპანიებთან და ინვესტორებთან, მომავალში მათთან ქართველი მეწარმეების სამეურნეო კავშირების განსავითარებლად და საქართველოში ღვონომასალის ჩამოსასხმელი სიმძლავრეების რუსეთიდან გადმოსატანად;

საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინოს წინადადებები ქართველი მეწარმეების ლიცენზირებაში რეზერვების გამოსავლენად, რათა მოხდეს რფ-ს აქციზის ახალი, გაზრდილი განაკვეთების კომპენსირება.



[i]http://pravo.gov.ru/search/index.html?action=search&advanced=true&searchPage=1&query=%22%D0%B8&plugin=1001&search.root=%2F

[ii] http://cmiki.ru/news/detail.php?SECTION_ID=1&ELEMENT_ID=10308

[iii] https://www.gazeta.ru/business/news/2019/09/30/n_13524661.shtml

[iv]ცხრილი შედგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით

[v]რფ-ს ზემოაღნიშნულიკანონის 26-ემუხლის მე-6 პუნქტი

[vi]რფ-ს  ზემოაღნიშნულიკანონის მე-3 მუხლის 6-8 პუნქტები

[vii]რფ-ს ზემოაღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

[viii]რფ-ს ზემოაღნიშნული კანონის 26-ე მუხლისმე-3 და მე-5 პუნქტი.

[ix]იხ. მაგალითად: საფერავი. ცხრილი 8. მუკუზანი. https://enoteca.ge/ge/variety/87-Saperavi

[x]რფ-სზემოაღნიშნულიკანონის 24-ემუხლისმე-11 პუნქტი

[xi]Съезд победителей. https://www.forbes.ru/biznes/386459-sezd-pobediteley-kakim-stanet-rossiyskoe-vino-pod-prismotrom-vlasti